აშშ-ის მთავრობა უკრაინაში მცხოვრებ ამერიკელებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ქვეყანა და აფრთხილებს, რომ რუსეთი აძლიერებს ძალისხმევას სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამთავრობო ობიექტებზე თავდასხმების განსახორციელებლად.
"აშშ-ს საელჩო მოუწოდებს აშშ-ს მოქალაქეებს, ახლავე დატოვონ უკრაინა, კერძო სახმელეთო ტრანსპორტის საშუალებების გამოყენებით, თუ ეს უსაფრთხოა. უსაფრთხოების ვითარება მთელ უკრაინაში ძალიან არასტაბილურია და პირობები შესაძლოა გაფრთხილების გარეშე გაუარესდეს."- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სხვა ოფიციალური პირები ასევე აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ მოსკოვმა შეიძლება განახორციელოს ინტენსიური თავდასხმები, მათ შორის სარაკეტო დარტყმები, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს.